twitter
rss

ჩემს ცხოვრებაში, შენი პირველი დაბადების დღეა როდესაც არ ხარ ჩემ გვერდით,პირველი კვირაა როცა არ დამლაპარაკებიხარ, არ მოგიცია რჩევები, არ გაგიღვიძებივარ ან არ დაბღვერილხარ გვიან რატომ მოხვედიო…  ამის შემდეგ ყველაფერი პირველად იქნება უშენოდ და განმეორდება ასე ჩემი ცხოვრების ბოლომდე… მეუბნებიან დრო გავა და მიეჩვევი, შეეგუები და გაგივლისო, ვერასოდეს დავიჯერებ, რომ ყველაფერი შენ გარეშე მოხდება, რომ გვერდით აღარ მეყოლები და ვერასოდეს გნახავ. ადრე, მე რომ აქ ვიყავი და შენ მოსკოვში, არ ვიცოდი როდის ჩამოხვიდოდი და იშვიათად გელაპარაკებოდი, მაგრამ ვიცოდი რომ მალე გნახავდი და ვიკლავდი მონატრებას მაგით, ახლაც ეგეთი შეგრძნება მაქვს, ღრმად გულში მაინც მწამს რომ გნახავ, დამირეკავ და ეს ყველაფერი უბრალოდ ცუდი სიზმარი აღმოჩნდება, წასული ხარ, მაგრამ ხარ და ყველაფერი ისევ ისე იქნება როგორც აქამდე იყო.

ყოველთვის მეშინოდა პერიოდის, როცა დავკარგავდი ყველაზე საყვარელ ადამიანს და ამიტომ ვცდილობდი ჩემი საყვარელი ადამიანების რაოდენობა არც თუ ისე დიდი ყოფილიყო, ამას რომ გეუბნებოდი, დამცინოდი ეგოისტი ხარო, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენდი მაშინ, როგორ შეეძლო გული მოეკლა ჩემთვის მასეთი ადამიანის დაკარგვას. შენ არ იყავი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადამიანი, შენ ყველაზე საყვარელი იყავი და ყველაზე მეტად მიყვარდი ცხოვრებაში, ამას ვერასოდეს გამოვხატავდი ბოლომდე, მაგრამ ყოველთვის იცოდი. დედა გულდაწვეტილი მეუბნებოდა ყოველთვის, შენ მაინც მამაშენი უფრო გიყვარსო, მაშინ ვეუბნებოდი, რომ ორივე ერთნაირად მიყვარხართ, როგორ უნდა გაგარჩიოთთქო, მაგრამ ჩემი სიყვარული შენდამი იყო ყოველთვის განსხვავებული, მარტო მამა-შვილური არ იყო, ადამიანურიც იყო, ჩემთვის იყავი ადამიანურად ისეთი იდეალური და კეთილი, რომ ვცდილობდი შენნაირი ვყოფილიყავი.

შენ მასწავლე, რომ ყველანაირი პრობლემის მიუხედავად, უნდა ვიფიქრო კარგზე, ყველანაირი ჩავარდნის მიუხედავად უნდა ვიფიქრო, რომ ამას აუცილებლად მოყვება აღმართი და იმდონემდე დამაჯერე და გამიჟონე თავში, რომ შენი წყალობით ყველანაირი პრობლემის მიუხედავად, მაინც ვფიქრობდი,რომ ეხლა თუ არა, მერე მაინც ყველაფერი კარგად იქნებათქო. ახლა აღარ ვიცი, უშენოდ, როგორ იქნება ყველაფერი კარგად, როგორ დალაგდება ყველაფერი თავის ადგილზე, როცა გულში იმხელა ნახვრეტი გამიჩინე, რომ ამას არც დრო შეავსებს და არაფერი უშველის. არასოდეს მტკიებია ასე, არასოდეს გამჭირვებია ტკივილის ჩახრჩობა და აზრის გადატანა სხვა რამეზე. ზოგჯერ მინდა წავიდე და არასოდეს დავბრუნდე ამ სახლში და ამ ქვეყანაში, სადაც ყველაფრის დანახვაზე შენ გამახსენდები და მეტკინება, მაგრამ როგორც კი გადავწყვეტ სამუდამოდ წასვლას, რაღაც არ მიშვებს ბოლომდე, უარესად მწყვეტს გულს და ისევ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვერ მიგატოვებ, მერე ვხვდები რომ მისატოვებელი აღარავინაა, იმიტომ რომ არ ხარ, მერე ისევ მერევა ყველაფერი თავში და მომდევნი ტირილამდე თავში აღარაფერი მიტრიალებს, ასე გრძელდება პირველი ყველაზე რთული კვირა ჩემს ცხოვრებაში, პირველი დღეები უშენოდ. რაც უფრო მეტი დრო გადის მით უფრო მენატრები და არ ხარ, უფრო მომენატრები და მაინც არ იქნები, გამოდის რაც უფრო მეტი დრო გავა მით უფრო მეტკინება და მით უფრო დავკარგავ ყველაფერს რაც კიდევ დამრჩა გულში.

date21 May

5 Responses to “…”

  1. კანარიო
    2:58 pm on May 22nd, 2011

    კიკიტო… : (( არ ვიცი, რა ვთქვა… როგორ გაგამხნევო :( ძალიან ვწუხვარ! ვიცი, მამა რა საყვარელიცაა და კარგად მესმის შენი.. ეცადე, ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანო ხოლმე… :** დრო გავა და ძალიან აღარ გეტკინება, დამიჯერე! ჩაგეხუტე! :*

  2. Kikito
    8:31 am on May 23rd, 2011

    :*

  3. Nanako Ust
    8:09 am on June 5th, 2011

    კიკიტოო.. :’( :’( ხო, სალოს ვეთანხმები, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანე ხოლმე.. :შ ძალიან არა, მაგრამ ცოტათი მოგეშვება.. :შ

    ხოდა, რაღაც უნდა გთხოვო.. ბლოგროლში ჩემი ბლოგი რომ გიგდია ბლოგსპოტის.. გთხოვ, რა.. ლინკი შეცვალე, ვორდპრესზე გადავედი.. http://www.tojina.wordpress.com მადლობა წინასწარ.. :*

  4. indievidi
    10:26 am on July 19th, 2011

    რა რთულია.. სიტყვებიც კი ზედმეტია..ვერასდროს სიტყვებით ვერ გამოიხატება ის ტკივილი რისი დატევაც გულს შეუძლია

  5. Gvantsa Green
    12:15 am on July 20th, 2011

    :(

Leave a Reply: